ხარჯი მუნიციპალიტეტი

ბიუჯეტის მონიტორინგის პლატფორმა

ევროპის ფონდი

ხელისუფლების საქმიანობაზე სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის გაზრდისა და საჯარო მმართველობაში მოქალაქეთა ინფორმირებული მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის ფონდმა, პარტნიორი ორგანიზაციების (Techsoup და ePanstwo) დახმარებით, საბიუჯეტო ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციის შემცველი ინტერაქტიული ონლაინ აპლიკაცია შექმნა. აპლიკაციის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეები უკეთესად ინფორმირებულნი იქნებიან საკუთარი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ. ამასთანავე, ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს მმართველობის ღიაობის გაუმჯობესებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ვინაიდან ამ აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-პლატფორმის მომხმარებელი ასევე შეძლებს ოფიციალური წყაროებიდან მოპოვებული საბიუჯეტო ინფორმაციის ხარისხის შეფასებას და დასკვნების გამოტანას, თუ რამდენად ინფორმატიულია არსებული საბიუჯეტო კლასიფიკაცია და რამდენად გართულებულია სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო ხარჯების შედარებითი ანალიზი, კლასიფიკაციის სტანდარტიზებული მიდგომის არარსებობის გამო.  

პლატფორმაზე ხელმისაწვდომია კატეგორიების, ქვეკატეგორიებისა და წლების მიხედვით დიფერენცირებული საბიუჯეტო მონაცემები სახელმწიფოსა და შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისთვის: თბილისი, ბათუმი, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი. საბიუჯეტო ინფორმაციის მარტივად აღსაქმელი ვიზუალიზაციის გარდა, პლატფორმა შერჩეული ქალაქის სხვადასხვა კატეგორიის ხარჯის, ან ორი სხვადასხვა ქალაქის  ხარჯვითი მონაცემების შედარებითი ანალიზის შესაძლებლობას იძლევა წლების მიხედვით. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია ერთმანეთს შეადაროს 2015 წელს ქ. ბათუმის თვითმმართველობის მიერ გაწეული ხარჯი განათლებისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით, ან კონკრეტული წლისთვის ქ. ოზურგეთისა და ქ. ზუგდიდის სოციალური დაცვის ხარჯები.

შესაბამისად, ბიუჯეტის მონიტორინგის პლატფორმა წარმოადგენს როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულ საინფორმაციო რესურსს, ასევე მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინსტრუმენტს, ვინაიდან დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, პლატფორმაზე ასახული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გააკეთონ დასკვნები საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობასა და მიზნობრიობასთან, საზოგადოების საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისობასთან, და საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან მიმართებით. აღნიშნული პროცესი წაახალისებს მოქალაქეებს, შესაბამისი კითხვებით მიმართონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რაც თავის მხრივ, ანგარიშვალდებულ მმართველობას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, საბიუჯეტო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების პროცესში მიღებული გამოცდილება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დამატებით მოტივაციას მისცემს, რომ ადვოკატირება გასწიონ ხელისუფლებასთან საბიუჯეტო ინფორმაციის დახვეწის, პროგრამული ბიუჯეტირების გაუმჯობესებისა და შესაბამის ფინანსურ დოკუმენტებში უფრო დეტალური და ადვილად აღსაქმელი ინფორმაციის ასახვის მიზნით.

სხვა ფუნქციებთან ერთად, პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ შერჩეული თვითმმართველი ქალაქიდან ელექტრონულად გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია. ელექტრონულად განხორციელებული  მოთხოვნა, ისევე როგორც მიღებული პასუხი, ვებგვერდზე აისახება და ფართო საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, მონიტორინგი გაუწიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების ღიაობას. ასევე, სამოქალაქო აქტივისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ვებ-გვერდზე განათავსონ ანალიტიკური სტატიები საჯარო ფინანსების მართვის თემაზე და პლატფორმის მომხმარებლებთან დისკუსია გამართონ შესაბამის საკითხებზე.

ამ ეტაპზე ვებ-პლატფორმა ასახავს 2010-2016 წლების საბიუჯეტო მონაცემებს შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისთვის: თბილისი, ბათუმი, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ფოთი და რუსთავი. უახლოეს პერიოდში იგეგმება პლატფორმაზე 2017 წლის საბიუჯეტო მონაცემების განახლება, ხოლო 2018 წლიდან ინფორმაციის განახლება რეგულარულად განხორციელდება, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მონიტორინგი გაუწიონ მიმდინარე წლის საბიუჯეტო პროცესებს და ინფორმირებულად ჩაერთონ საჯარო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  

ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში 2017 წელს ინიცირებული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შვიდ თვითმმართველ ქალაქს (მათ შორის, პლატფორმის მიზნებისთვის შერჩეულ ოთხ ქალაქს: გორი, ახალციხე, ზუგდიდი და ოზურგეთი) თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმდება, რაც ცალსახად უკანგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ქვეყნის დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფის, არამედ არათანმიმდევრული და არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო პოლიტიკის კუთხით. არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო პოლიტიკა კი უარყოფით  ზეგავლენას ახდენს კონკრეტული რეფორმის თანმდევ ან მისით განპირობებულ სხვა პროცესებზე, მათ შორის, რესურსების მიზნობრივი ხარჯვისა და შედეგების ეფექტურობის თვალსაზრისით. ამის ნათელი მაგალითია ევროპის ფონდის მიერ შექმნილი ბიუჯეტის მონიტორინგის პლატფორმაც, რომელსაც საფუძვლად დაედო 2012 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და რომელიც 2017 წლის საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ თვისობრივად შესაცვლელი იქნება. არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამომავლოდ ევროპის ფონდი პლატფორმაზე შერჩეული ქალაქების შესაბამისი მუნიციპალიტეტების ინფორმაციის განახლებას განაგრძობს, თუმცა ობიექტური გარემოების გამო, ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ ხელმისაწვდომი მონაცემები შინაარსობრივად შედარებადი აღარ იქნება და რელევანტურობის ხარისხის აღდგენისთვის, ფონდის მხრიდან დამატებითი რესურსების მობილიზებას მოითხოვს.

ევროპის ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ ბიუჯეტის მონიტორინგის პლატფორმა სასარგებლო რესურსი იქნება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის და ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულ ჩართულობას საბიუჯეტო პროცესებში. ფონდი მიესალმება თქვენს შეფასებებს პლატფორმის შინაარსობრივ და ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებით და მზაობას გამოთქვამს, არსებული რესურსის შემდგომი სრულყოფის პროცესში, მომხმარებელთა მოსაზრებები და საჭიროებები გაითვალისწინოს.

 

საუკეთესო სურვილებით,

ევროპის ფონდი